English / ქართული / русский /
ცოტნე ჟღენტი
ინსტიტუციური ჯგუფების ზომა და განვითარება საქართველოს ეკონომიკაში

ანოტაცია

ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ეკონომიკური მეცნიერებისათვის, ასევე აქტუალური პრაქტიკული საკითხია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ინსტიტუციურ ცვლილებათა თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის პოსტკომუნისტური ეკონომიკებისთვის, ისეთის როგორც საქართველოა. სტატიის მიზანია  საქართველოს ეკონომიკაში არსებული ინსტიტუტების ზომის შეფასება, კავშირების შესწავლა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის და მათი შედარება დანარჩენი პოსტკომუნისტური ქვეყნების ინსტიტუტებთან.

საკვანძო სიტყვები: ინსტიტუციური განვითარება, ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტები, შიდა და გარე ინსტიტუტები.

 შესავალი

ეკონომიკური განვითარება მეტწილად განისაზღვრება იმ ინსტიტუციური ჩარჩოთი, რომლის შიგნითაც მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესები. ინსტიტუციური ჩარჩო კი მოიცავს უამრავ ინსტიტუციურ ერთეულს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დანიშნულებით, სტრუქტურით თუ ბუნებით. შესაბამისად, ინსტიტუციური ანალიზი საჭიროებს განსხვავებული ინსტიტუტების დაჯგუფებას გარკვეული ნიშნების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციურ სივრცეს ახასიათებს მუდმივი ცვალებადობა. ინსტიტუტები იცვლიან სტრუქტურას ან ნაცვლდებიან ახალი ინსტიტუტებით. გარკვეული ინსტიტუტების გაქრობა არის არა ვაკუუმის შემქმნელი, არამედ შედეგი საზოგადოების ღირებულებების და მიზნების გრძელვადიანი ცვლილების (ნორტი დ., 1981:14). შედეგად, ხდება გადაჯგუფება ინსტიტუციურ სივრცეში. მოტივაცია ცვლილებებისთვის მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ცვლილებისათვის გასაწევი ხარჯების მოცულობაზე. ინსტიტუციურ სივრცეზე კი გავლენას ახდენს როგორც ტრანსფორმაციული, ისე ტრანსაქციული ხარჯები (ნორტი, 1991:13).

ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინსტიტუციური დაჯგუფება მოცემულია ნობელის პრემიის ლაურეატის, ეკონომისტი დუგლას ნორტის მიერ. ის მოიცავს ინსტიტუტების (ნორმების) დაყოფას ორ ფართო ჯგუფად: ფორმალური და არაფორმალური. არაფორმალური ნორმა განისაზღვრება ქცევის წესებით და შეთანხმებებით და  ნაწილია ჩვენი კულტურის. ფორმალური ნორმები, მათგან განსხვავებით, დაწერილია და მოიცავს იურიდიულ უფლებებს კონსტიტუციიდან სხვადსხვა  ტიპის კანონებამდე, ასევე ნებისმიერი სახის ინდივიდუალურ კონტრაქტებს (ნორტი დ., 1991:14-17).

ჩვენს კვლევაში შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ერთი საინტერესო თეორიული დაჯგუფება ინსტიტუტების შესახებ. ეს არის შიდა და გარე ინსტიტუტები. მსგავსი დაჯგუფება ერთერთი პირველად ნახსენებია გერმანელი ეკონომისტის ლუდვიგ ლაჰმანის მიერ 1973 წელს. თანამედროვე გერმანელი ეკონომისტი სტეფან ვოიგტი კი გვთავაზობს ამ განსხვავების შემდეგ აღწერას: ნორმა არის გარე, თუ მის აღსრულებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ხოლო შიდა ნორმის სანქცირება ხდება უშუალოდ საზოგადოების მიერ [ვოიგტი ს., 2016:3]. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია შიდა ინსტიტუტები, რომლებიც პირველად ვიღაცამ აღმოაჩინა, დარწმუნდა მის სარგებლიანობაში და შემდეგ მოხდა მისი გამოყენების ფართოდ დანერგვა საზოგადოებაში [კასპერი ვ... , 1999: 100-109]. სტეფან ვოიგტი თავის ნაშრომში ასევე გვთავაზობს ინსტიტუტების განაწილების თეორიულ მოდელს ორივე ზემოთ ნახსენები მეთოდის მიხედვით (ფორმალური და არაფორმალური, შიდა და გარე).

 ***

თუ გამოვიყენებთ ზემოთმოცემულ ორივე მიდგომას, ჩვენ მივიღებთ ორგანზომილებიან ინსტიტუციურ სტრუქტურას 4 ჯგუფის შემადგენლობით. ეს ჯგუფებია: ფორმალური შიდა, ფორმალური გარე, არაფორმალური შიდა და არაფორმალური გარე ინსტიტუტები. ნაშრომის შემდგომ ნაწილში, მათს ნაცვლად რიგ შემთხვევებში გამოვიყენოთ აღნიშვნები: ფორმალური შიდა - FI, ფორმალური გარე - FE , არაფორმალური შიდა - II  და არაფორმალური გარე - IE. თითოეული ინსტიტუციური ჯგუფი მოკლედ შეგვიძლია აღვწეროთ შემდეგი სახით: ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE)  - კანონები და სხვა ოფიციალური ნორმები, რომელიც რეგულირდება სახელმწიფოს მიერ; ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI) - საზოგადოებასა და ბიზნესში არსებული ფორმალური ნორმები; არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE) - სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობა და საზოგადოების დამოკიდებულება საჯარო ინსტიტუტების მიმართ; არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II)  - დაუწერელი ქცევის კანონები საზოგადოებაში, მაგალითად: ეთიკური ნორმები.

თეორიული საფუძვლების წყალობით, ინსტიტუტების დაჯგუფების შემდეგ, მნიშვნელოვანი  ეტაპი არის იმ ინდიკატორების მოძიება, რომლის საშუალებით მოხდება თეორიული მოდელის ელემენტების პრაქტიკული გაზომვა. ზოგადად, ინსტიტუტების ზომის შეფასება ეკონომიკურ მეცნიერებაში პრობლემატური საკითხია, რადგან ცვლადთა უმეტესობა არ არის რაოდენობრივი ხასიათის. თუმცა, მოიძებნება უამრავი ინდიკატორი, რომელიც აფასებს ინსტიტუციური განვითარების დონეს სხვადასხვა ასპექტების მიხედვით. ნაშრომში, ზემოთ მოცემული ორგანზომილებიანი მოდელისთვის ყველაზე მეტად შესაბამისი  გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსები, რომელიც გაიანგარიშება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურ კონკურენტუნარიანობის ანგარიშის ფარგლებში. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოიცავს ინფორმაციას 140 ქვეყანის შესახებ და თითოეული მათგანისთვის აერთიანებს ინდექსებს 12 ძირითად ჯგუფში. ამ ჯგუფებიდან, ნაშრომისთვის საინტერესოა 1-ლი ჯგუფი - „ინსტიტუტები“. მოცემული ჯგუფი მოიცავს 21 ინსტიტუციურ ინდიკატორს გაერთიანებულ 7 ქვეინდექსად. ინსტიტუციური ინდიკატორების წყარო არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევები.

შემდეგომ ეტაპზე ხდება თითოეული ინსტიტუციური ინდიკატორისთვის  ორივე განზომილების მინიჭება (არის შიდა თუ გარე, არის ფორმალური თუ არაფორმალური?). გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსები მარტივად ნაწილდება ორგანზომილებიანი ინსტიტუციური მოდელის ერთ-ერთი განზომილების (შიდა და გარე) მიხედვით. ინდექსების ჯგუფი „ინსტიტუტები“ იყოფა ორ ქვეჯგუფად: „სახელმწიფო ინსტიტუტები“ და „კერძო ინსტიტუტები“ შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტებში არსებული ინდიკატორები შეგვიძლია მოვიაზროთ გარე ინსტიტუტების დასახასიათებლად, ხოლო კერძო ინსტიტუტებში არსებული ინდიკატორები შიდა ინსტიტუტების დასახასიათებლად. მეორე განზომილების (ფორმალური და არაფორმალური) შესაფასებლად საჭიროა თითოეული ინდიკატორის განაწილება მათი შინაარსის მიხედვით, ახასიათებენ ისინი წერილობით  ნორმებს თუ არა?

განაწილების შედეგად, ორგანზომილებიანი მატრიცის თითოეულ ჯგუფში აღმოჩნდა შემდეგი ქვეინდექსები და ქვეინდექსებში შემავალი ინდიკატორები (მოცემულია ფრჩხილებში):

ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE): საკუთრების უფლებები (საკუთრების უფლებების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა); საჯარო სექტორის ეფექტიანობა (სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობა, სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი, დავების მოგვარების კანონმდებლობის ეფექტიანობა, რეგულაციების საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობა, საჯარო პოლიტიკის გამჭვირვალობა).

არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE): ეთიკური ნორმები და კორუფცია (სახელმწიფო რესურსების დივერსიფიკაცია, საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ, არაფორმალური გადახდები და თაღლითობა); არაფორმალური ზეგავლენა სახელმწიფო სექტორზე (სასამართლოს დამოუკიდებლობა, საჯარო გადაწყვეტილებების ობიექტურობა); უსაფრთხოება (ბიზნესის ხარჯები ტერორიზმის წინააღმდეგ, ბიზნესის ხარჯები კრიმინალის წინააღმდეგ, ორგანიზებული კრიმინალის დონე, საპოლიციო სერვისების საიმედოობა).

ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI): ანგარიშვალდებულება (აუდიტის და ანგარიშგების სტანდარტების ხარისხი, კორპორაციული საბჭოების ეფექტიანობა, მცირე მეწილე აქციონერების დაცვა, ინვესტორების დაცვა).

არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II):  კორპორაციული ეთიკა (ფირმების ეთიკური ქცევა ბიზნესსაქმიანობაში)

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2016-2017 წლის ანგარიშში საქართველოს მაჩვენებელი არის 4.2 (1-7) და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. უშუალოდ ინსტიტუციური ინდიკატორების ჯგუფის ქულა აღემატება  ინდექსის საერთო ქულას - 4.4 (1-7), მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები - 4.4, ხოლო კერძო ინსტიტუტები - 4.3. ინდიკატორების განაწილების ზემოთ მოცემული მეთოდის მიხედვით შეგვიძლია გავზომოთ ოთხივე ინსტიტუციური ჯგუფი ცალ-ცალკე საქართველოს მაგალითზე. ამისათვის, პირველ რიგში მოვახდინოთ ინდექსების რეკალკულაცია 1-7-იდან 0-100-მდე, ხოლო შემდეგ დავითვალოთ მარტივი საშუალო არითმეტიკული თითოეულ ჯგუფში შემავალი ყველა ქვეინდექსისთვის (მარტივი საშუალო არითმეტიკული გამოყენების მიზეზი არის ქვეინდექსების თანაბარი წონა საერთო ინდექსის გაანგარიშებაში). შედეგად მივიღეთ ახალი კოეფიციენტები თითოეული ჯგუფისთვის:

  • ფორმალური გარე ინსტიტუტები (FE)  - 53.6
  • ფორმალური შიდა ინსტიტუტები (FI) – 59.1
  • არაფორმალური გარე ინსტიტუტები (IE) – 58.7
  • არაფორმალური შიდა ინსტიტუტები (II)  - 48.0

როგორც ვხედავთ, ყველაზე მაღალი მნიშვნელობა (59.1) აქვს ფორმალურ შიდა ინსტიტუტებს, ანუ იმ ოფიციალურ/ფორმალურ თამაშის წესებს, რომელიც გვხდება კერძო სექტორის ეკონომიკურ საქმიანობაში. ამ ჯგუფში შემავალი ინდიკატორებიდან გამოსარჩევია აუდიტის და ანგარიშგების სტანდარტების ხარისხი - 4.6 ქულა 7.0-დან, კორპორაციული საბჭოების ეფექტიანობა - 4.6 ქულა 7.0-დან, ინვესტორების დაცვა 6.1 -10.0-დან).

 

დიაგრამა 1. ინსტიტუციური ჯგუფების ზომის ამსახველი კოეფიციენტები პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ჯგუფების მიხედვით (0-100); 2016 წელი

ასევე მაღალი კოეფიციენტი აქვს არაფორმალურ გარე ინსტიტუტებს (58.7). ის ხასიათდება საზოგადოების დამოკიდებულებით სახელმწიფო ინსტიტუტების და მთლიანად სახელმწიფოს მიმართ. შედარებით მცირე მაჩვენებელი აქვს სახელმწიფოს მოცემულ ჩარჩო პირობებს. ფორმალური გარე ინსტიტუტების კოეფიციენტი არის 53.6, სადაც გამოსარჩევია რეგულაციების ტვირთის კოეფიციენტი (4.7 ქულა 7.0-დან) რეგულაციების ტვირთი საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია (მე-7 ადგილი 140 ეკონომიკიდან). ოთხი ინსტიტუციური ჯგუფიდან, ხოლო  ყველაზე მცირე მაჩვენებელი გვხვდება არაფორმალურ შიდა ინსტიტუტებში (48.0), რომელიც გამომდინარეობს საზოგადებაში არაფორმალური  ურთიერთობებიდან. საზოგადოების დამოკიდებულება და ქცევა ბიზნეს საქმიანობაში, ასევე სხვა საქმიანობებში, ჯერ კვლავაც აქტიურ ტრანსფორმაციულ პროცესშია. ჩვენს მაგალითში მოცემული ინსტიტუციური ჯგუფი განისაზღვრება კოეფიციენტით „ფირმების ეთიკური ქცევა“.

მნიშვნელოვანი საკითხია ასევე მაჩვენებლების დინამიკა, რომელიც მოცემულია ცხრილში. ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინსტიტუტების ხარისხი მკვეთრად გაზრდილია. სხვადასხვა ჯგუფებს შესაძლებელია დადებითი გავლენა ჰქონდეს ერთმანეთზე სინერგიული ეფექტით, მაგალითად, სახელმწიფო ორგანიზაციებში დამკვიდრებული ეფექტიანი წესები შესაძლებელია ათვისებულ იქნეს კერძო სექტორში (ან პირიქით) ან ბიზნეს ინსტიტუტების ეფექტიანმა მმართველობამ ამ მოსაზრების სასარგებლოდ, ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია ამ ჯგუფებს შორის არსებული მაღალი კორელაციის კოეფიციენტები  იყოს.

ცხრილი 1

კორელაციის კოეფიციენტები ინსტიტუციურ ჯგუფებს შორის საქართველოში, 2007-2016 წლები

 

FE

FI

IE

II

FE

1.00

0.62

0.93

0.84

FI

0.62

1.00

0.59

0.55

IE

0.93

0.59

1.00

0.79

II

0.84

0.55

0.79

1.00

იმისათვის რომ დავინახოთ, რით გამოირჩევა საქართველოს ინსტიტუციური სტრუქტურა, საჭიროა მსგავსი მეთოდით გავიანგარიშოთ კოეფიციენტები სხვა ეკონომიკებისთვისაც. რადგან საქართველოში არსებული ინსტიტუტების ნაწილს აქვს საფუძვლები გეგმურ ან პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ეკონომიკაში, ამიტომ შედარება მოვახდინოთ პოსტკომუნისტურ და პოსტ-ტრანსფორმაციულ  ეკონომიკებზე. ამისათვის გამოვიყენოთ მსოფლიო ბანკის 2002 წლის ჩამონათვალი 26 ქვეყნის შემადგენლობით, ამ ქვეყნების ნაწილი დღეს ჯერაც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ფაზაშია, ზოგმა კი უკვე გაიარა ტრანსფორმაციის პროცესი და პოსტტრანსფორმაციულ გზას ადგას, თუმცა ინსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი ყველგან აქტუალურია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, ხორვატია. შედეგები მოცემულია დანართში (ცხრილი). საინტერესოა, რომ საქართველოს მაჩვენებელი ოთხივე ჯგუფში აღემატება პოსტკომუნისტური ქვეყნების საშუალოს, ხოლო სამ ჯგუფში ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საშუალოზე მეტია, რომელთა  უმეტესობა განვითარებული ეკონომიკების რიგს მიეკუთვნება.

 დასკვნა

ინსტიტუციური ანალიზი გვიჩვენებს კორელაციას სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტებს შორის. შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში ინსტიტუციურ განვითარებას აქვს გამოკვეთილი აღმავალი ტრენდი სხვადასხვა მიმართულებებით. ფორმალური შიდა ინსტიტუტები, საზოგადოებაში დამკვიდრებული ოფიციალური წესების სახით  ყველაზე ძლიერია, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ პოსტკომუნისტურ ეკონომიკებში.  ხსენებული ჯგუფის  მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია ევროკავშირის წევრ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სადაც კერძო კონტრაქტების და არბიტრაჟის საკმაოდ მაღალი სტანდარტია. სხვა ინსტიტუციურ ჯგუფებთან შედარებით, საქართველოში არცთუ წარმატებული მდგომარეობა არაფორმალური შიდა ინსტიტუტების კუთხით, რადგან ბიზნესეთიკა  ჯერაც ჩამოყალიბების საწყის სტადიაზეა და დროში დაგვიანებით პასუხობს ლეგალური ჩარჩო-პირობების შესაბამის განვითარებას. შესაბამისად, ყოველი დაგვიანებული ნაბიჯი ფორმალური ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო აფერხებს დროში რიგი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების ტრანსფორმაციას.

 დანართი

ცხრილი 2

ინსტიტუციური ჯგუფების კოეფიციენტები პოსტკომუნისტური ქვეყნების მიხედვით (0-100); 2016 წელი

ქვეყანა

FE

FI

IE

II

აზერბაიჯანი

52,2

57,0

54,2

53,7

ალბანეთი

42,2

60,3

44,7

55,0

ბოსნია და ჰეცოგოვინა

29,9

45,0

37,2

35,0

ბულგარეთი

39,8

60,0

38,3

43,8

ესტონეთი

66,5

66,7

71,8

64,0

ვიეტნამი

44,1

45,9

48,1

43,9

კამბოჯა

37,8

46,7

39,9

47,1

ლაოსი

47,0

46,3

52,1

50,3

ლატვია

46,7

56,9

50,4

49,1

ლიტვა

48,0

63,2

53,9

54,6

მაკედონია

47,4

60,9

47,8

50,4

მოლდოვა

32,4

48,8

32,2

35,5

მონტენეგრო

44,4

52,2

46,0

48,3

პოლონეთი

44,3

61,4

50,2

49,9

რუმინეთი

40,9

52,2

43,7

37,9

რუსეთი

39,2

53,1

43,2

48,6

საქართველო

53,6

59,1

58,7

48,0

სერბეთი

33,0

49,5

38,9

38,8

სლოვაკეთი

40,1

60,4

38,0

37,8

სლოვენია

46,1

59,7

54,0

48,3

სომხეთი

47,9

57,3

49,5

40,8

ტაჯიკეთი

55,7

56,4

57,5

57,5

უკრაინა

33,0

44,6

30,4

39,6

უნგრეთი

32,6

52,7

41,7

27,4

ყაზახეთი

52,6

59,3

53,6

52,2

ყირგიზეთი

38,7

49,6

37,4

39,8

ჩეხეთი

52,1

65,6

51,2

46,9

ჩინეთი

54,9

53,0

56,7

51,4

ხორვატია

35,3

56,5

46,0

43,5

 ცხრილი 3

ინსტიტუციური ჯგუფების კოეფიციენტები საქართველოში (0-100); 2007-2016 წლები:

 

FE

FI

IE

II

2007

38,4

48,0

46,0

43,5

2008

42,9

50,9

51,3

47,3

2009

42,0

51,3

49,1

46,8

2010

41,6

52,1

51,2

45,8

2011

41,2

54,1

53,8

49,2

2012

39,6

55,4

55,0

51,5

2013

41,2

54,7

54,5

50,1

2014

45,4

55,4

58,6

53,0

2015

50,5

57,0

61,2

52,1

2016

53,6

59,1

58,7

48,0

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბალარჯიშვილი ი., 2008, „ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ბარიერული ხასიათი - ტრანსპლანტაცია თუ ევოლუცია“. თბილისი, ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“,  #1.
  2. კაკულია ნ., 2009, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ინსტიტუციონალური თავისებურებები და “ევოლუციური თეორია”. თბილისი. ჟურნ. “ეკონომიკა და ბიზნესი”, # 3, გვ. 37-46.
  3. პაპავა ვ., 1998. „პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ინსტიტუციური ანალიზი“. მეცნიერება და ტექნიკა, N 1-3.
  4. Kasper W, Streit M. E., 1999, Institutional Economics: Social Order and Public Policy, The Locke Institute, Cheltenham UK, 100-109.
  5. North, D. C., 1981, Structure and Change in Economic History, W.W. Norton & Company, London, 13-20.
  6. North, D. C., 1991, Institutions, Institutional Change and Economic Performance, Washington University, St Louis, 3-11, 36-54.
  7. Voigt S., 2016, How to Measure Informal Institutions, Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=2748214, 1-10.
  8. Voigt S., 2013, How (not) to measure institutions, Journal of Institutional Economics volume 9, Issue 1, 2013, DOI: https://doi.org/10.1017/S1744137412000148, 1-8.
  9. The International Bank for Reconstruction and Development/The World Bank, 2002, The First Ten Years Analysis and Lessons for Eastern Europe and the Former Soviet Union, Washington, DC.
  10. World Economic Forum, 2015, The Global Competitiveness Report 2015–2016